„ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ჩვენი ოცეულის ბრძოლისას“, - უკრაინელმა ჟურნალისტმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა.
„ბერო, უკვე გარდაცვლილი, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ გამოვიყვანეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა.
დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. ზუსტად მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, რაც დღეს მოვყევი სახელის ხსენების გარეშე. დათომ სიკვდილისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა. ის მსროლელი იყო. დათო ცხოვრობდა, როგორც გმირი და დაიღუპა, როგორც გმირი: ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს შეკრების წერტილთან მისვლაში ეხმარებოდა. ნაღმის აფეთქებისას დათო ადგილზე გარდაიცვალა. დათო იყო ძლიერი, წყნარი, მორიდებული, ორგანიზებული და კეთილი.
დათო რატიანი – სვანი მესტიიდან, რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთში და რომელმაც კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა ავღანეთის შემდეგ თავის მეორე, აფხაზეთის ომში.
ამის შესახებ მშრალად ვწერ და მხოლოდ იმ ფაქტებს აღვწერ, რომლის თქმის უფლებაც მაქვს, თითქმის კანცელარიის ენით. შესაძლოა, მე მეტი დავწერო დათოზე, ადამიანზე, რომელმაც ჩვენი ნაცნობობის რამდენიმე თვეში ბევრი რამ მასწავლა – სამაჩაბლოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გავლებიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე.
რატიანი...
ამ დღის ყოველ წუთს მინდა გავიგო შენი ხმა: "ალექს, გაწმინდე ავტომატი"? "ალექს, წერენ ქალზე, რომელიც სროლისას დაიღუპა, 7 შვილის დედაზე, წაიკითხე"? "ალექს, არის სიახლეები, თუ როდის გავდივართ"? დათო უკანასკნელ ბრძოლაში გუშინ დილით, 5:00 საათზე გავიდა. ჩვენ ბოლომდე ერთად ვიყავით.
ჭურვმა, რომელმაც ის მოკლა მტრის მცდელობისას, ალყაში მოვექციეთ, მარტივად იმსხვერპლა მებრძოლი, რომელიც მას მოჰყავდა და ამაცილა მე. ნაღმების წვიმა, როდესაც ამ საშინელ ღამით გარდაცვლილების გადაყვანას ვცდილობდით, ჩვენი ყველას მოკვლას ცდილობდა. თუმცა, ბედმა დათო ამ სროლებამდე წაიყვანა.
დათო რატიანის სათვალის საკიდმა იმ ღამით გადამარჩინა. სქელმა შავმა საკიდმა. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა, ისინი ტყიდან გამოვიყვანეთ.
დათო. მადლობა, რომ იყავი ჩემ გვერდით. მადლობა, რომ იყავი“, - წერს ალექსეი ბობროვნიკოვი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ